კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
26532
სახეობა:
არქეოლოგიური,არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./განვითარებული შუა საუკუნეები _ მე-10-მე-15 სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი
მუნიციპალიტეტი:
ამბროლაური
დასახლებული პუნქტი:
წესი
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
27/09/2019
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
N02/73 ბრძანება
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ბარაკონის დარბაზული ტიპის ეკლესიის ნანგრევი მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის ტერიტორიაზე, მდინარეების რიონისა და ლუხუნის შესართავთან მარჯვენა სანაპიროზე არსებულ კლდოვან ბორცვზე (GPS: X-42.54226; Y-43.22014; H-608 მ.). ტაძრის ნაშთი წარმოადგენს დაახლ. 6X4 მ. ფართობზე მიმობნეული კედლების ნაშალი ქვა-ღორღისგან წარმოქმნილ 0,5-1მ. სიმაღლის გროვას. მხოლოდ ნაგებობის სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხეშია შემორჩენილი 1,5-1,8 მ. სიმაღლის კედლის ფრაგმენტი (ქვა-ყორის დუღაბი, რომლის ფასადი მოპირკეთებულია კარგად დამუშავებული შირიმის კვადრებით). ეკლესიის ნანგრევი გარემოცულია ეკალ-ბარდებით, ხოლო მის დასავლეთ მონაკვეთში ამოსულია მრავალწლოვანი ხეები. ეკლესიის ნანგრევიდან სამხრეთ-დასავლეთით, რამდენიმე ათეულ მეტრში დგას ბარაკონის ღვთისმშობლის სახელობის ჩახაზული ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც 1753 წელს ააგო როსტომ რაჭის ერისთავმა. ხოლო მისგან ჩრდილო-აღმოსავლეთით, მოშორებით მდებარე მაღალ კლდეზე აღმართულია ,,მინდა ციხე“. ეს უკანასკნელი ძეგლები არაერთხელაა გაშუქებული მკვლევართა მიერ, ბარაკონის დარბაზული ეკლესიის შესახებ კი მწირი ცნობებია დაფიქსირებული სამეცნიერო ლიტერატურაში. კერძოდ, ბარაკონის მიდამოებში ვახუშტი ბატონიშვილის დროს მხოლოდ დარბაზული ეკლესია იდგა, თუმცა იგი ამ ტაძარს არ იხსენიებს. ბარაკონის გუმბათოვანი ეკლესიის აგების შემდეგ დარბაზულ ეკლესიას არც იოჰან გიულდენშტედტი ასახელებს და განმარტავს- ,,ლუხუნის შესართავთან დგას დიდი ეკლესია და მისგან 100-ოდე ნაბიჯზე დასავლეთით ჩანს რაჭის ერისთავის ქვითკირის სასახლე, რომელიც სოლომონ მეფემ 3 წლის წინ ნანგრევებად აქცია“. ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე 1830-იან წლებში მხოლოდ გაკვრით იხსენიებს ჩვენთვის საინტერესო ეკლესიას: ,,თავის დიდების პერიოდში თავადმა ერისთავმა, რომელსაც თვალები დათხარეს, ფაზისისა და ლუხუნის შედინების ადგილის ზემოთ აგებული პატარა სამლოცველო მშვენიერი ეკლესიით შეცვალა“. XIX საუკუნის ბოლოს შედარებით ვრცლად საუბრობს გრაფინია უვაროვა ამ, დარბაზული ტიპის, ეკლესიის შესახებ. მისი ცნობებიდან ვიგებთ რომ, იმ პერიოდისთვის ეკლესია არასახარბიელო მდგომარეობაში ყოფილა- მდგარა მხოლოდ, უსახურავოდ და დაცარიელებული დარჩენილი, ერთი და იგივე ფორმისა და ზომის ტუფის ქვებით აგებული კედლები. მკვლევარი ასევე აფიქსირებს, ამ ტაძრის ფიგურულ-ორნამენტული სახეებით გაფორმებულ ალებასტრში შესრულებულ კანკელის ფილებს. მისგანვე ვიგებთ, რომ ტაძრის აშენებას თამარ მეფეს მიაწერენო. რაჭაში მოგზაურობის დროს, 1904 წელს ამბროსი ხელაია იმყოფებოდა სოფელ წესში, თუმცა ბარაკონის ტერიტორიაზე იგი არ იხსენიებს დარბაზული ეკლესიის რაიმე ნაშთს. მისი განმარტებით: ,,სოფ. წესში არის ერისთავების სასახლე და იქვე დიდი, გუმბათიანი ტაძარი, ღვთისმშობლის სახელზე აშენებულია პატარა ნახევარკუნძულზე რიონის პირას 1753 წელს რაჭის ერისთავის როსტომისგან“. 1920-იან წლებში გიორგი ბოჭორიძე ასე აღწერს ბარაკონის დარბაზული ეკლესიის ნაშთებს: ,,ბარაკონის ძველი ეკლესიის ნანგრევი დგას გუმბათიანი ეკლესიის აღმოსავლეთ-ჩრდილოეთ კუთხის გასწვრივ; იგი ერთნავიანი შენობაა, 6,4X3,2 მ. ნაგები შირიმის ქვისა და კირისაგან. დღეს ნანგრევად არის: დგას მხოლოდ კედლები უთაღოდ; შიგნით ნანგრევით არის სავსე“. ასევე საინტერესოა ბოჭორიძის განმარტება ეკლესიის კანკელთან დაკავშირებით. იგი დასძენს- ,,უვაროვა იხსენიებს ეკლესიას და მის კანკელს, დღეს კანკელიდან აღარაფერი დარჩენილა; ადგილობრივ პირთა ცნობით, მისი (კანკელის) შესანიშნავი ორნამენტებიანი თაბაშირის ფიქალები ადრევე ვიღაც რუსს ძალადობით მოუხსნია და რუსეთში წაუღია, ეჭვი არ არის იმავე უვაროვას დავალებით“. თამაზ ბერაძე ამ ეკლესიასთან დაკავშირებით შემდეგი სახის ცნობებს გვაწვდის: ,,კახაბერისძეთა მთავარ ციხესიმაგრეს სოფ. წესთან მდგარი მინდას ციხე წარმოადგენდა. აქვე რაჭის პირველმა ერისთავმა, რატი ლიპარიტის ძემ, თავისი კარის ეკლესია, ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესია ააგო, სადაც საეკლესიო სამსახური, 750 წელზე მეტ ხანს, 1753 წლამდე სრულდებოდა. შემდეგ კი, როდესაც ბარაკონის ახალი ტაძარი აიგო, ძველ ეკლესიაში წირვა-ლოცვა შეწყდა“. როინ მეტრეველიც მსგავს ცნობებს აფიქსირებს, მეცნიერი დასძენს, რომ ,,წესში რაჭის ერისთავმა რატი ლიპარიტის ძემ კარის ეკლესია ააგო. აქ შვიდი საუკუნის მანძილზე არ შეწყვეტილა წირვა-ლოცვა. 1753 წელს რაჭის ერისთავის როსტომის მოწადინებით წესში აიგო ღვთისმშობლის სახელობის (კარის ეკლესიაც ღვთისმშობლის სახელობის იყო) ტაძარი- ბარაკონი“. იგი ასევე განმარტავს ,,როსტომი რაჭის ერთადერთი მფლობელი გახდა. მის დროს გაიზარდა რაჭის ერისთავთა რეზიდენცია- წესი. მან საგანგებოდ გაამაგრა მინდა ციხე... როსტომს მიაჩნდა, რომ რაჭის საერისთავოს გაძლიერების პირობებში არსებული კარის ეკლესია ვერ აკმაყოფილებდა გაზრდილ მოთხოვნებს და აქედან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება ახალი ეკლესიის აგებისა“.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com